საქართველოს ელჩმა LUISS Guido Carli-ის მოწვევით Country Day-ის ფარგლებში შეხვედრა გამართა სტუდენტებთან.
საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, თამუნა ლილუაშვილმა, იტალიის ერთ-ერთი წამყვანი უნივერსიტეტის LUISS Guido Carli-ის მოწვევით, Country Day-ის ფარგლებში შეხვედრა გამართა სტუდენტებთან.
შეხვედრის ფარგლებში თამუნა ლილუაშვილმა ისაუბრა საქართველოს დამოუკიდებლობის დღის ისტორიულ მნიშვნელობაზე, ქვეყნის ევროპულ არჩევანსა და იმ ღირებულებებზე, რომლებიც საქართველოსა და ევროპას აერთიანებს. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა საქართველოს მნიშვნელოვან როლზე რეგიონული დაკავშირებადობის, ენერგეტიკული და სატრანსპორტო დერეფნების განვითარების, ასევე ევროპული უსაფრთხოების არქიტექტურის გაძლიერების მიმართულებით.
ელჩმა სტუდენტებს გააცნო საქართველოს მიმდინარე რეფორმები, ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესი, ასევე ქვეყნის კულტურული მრავალფეროვნება და მდიდარი ისტორიული მემკვიდრეობა. შეხვედრა ინტერაქციულ ფორმატში წარიმართა და სტუდენტებს შესაძლებლობა ჰქონდათ კითხვები დაესვათ საქართველოს საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტებისა და რეგიონში არსებული გამოწვევების შესახებ.
