საქართველოში უცხოეთიდან შემოსვლის რიგი წესები და პირობები 2020 წლის 2 დეკემბრიდან
ყურადღება! შეიცვალა საქართველოში უცხოეთიდან შემოსვლის რიგი წესები და პირობები 2020 წლის 2 დეკემბრიდან
საქართველოს მოქალაქეები (+ მათი ოჯახის წევრები) საქართველოს ტერიტორიაზე ნებისმიერი საზღვრიდან შემოსვლის შემთხვევაში:
1) თუ წარმოადგენენ ბოლო 72 საათში გაკეთებულ უარყოფით PCR ტესტს გადადიან თვითიზოლაციაში 8 დღით;
2) თუ ვერ წარმოადგენენ ბოლო 72 საათში გაკეთებულ უარყოფით PCR ტესტს გადადიან თვითიზოლაციაში 12 დღით.
საქართველოს მოქალაქეებისთვის საზღვარზე საბაჟო ეპიდემიოლოგი ავსებს ფორმა N9, რომელშიც იქნება მითითებული თვითიზოლაციის მისამართი და პირადი მონაცემები.
ყურადღება! გაითვალისწინეთ, რომ საქართველოს მოქალაქისათვის საქართველოს საზღვრის გადმოსაკვეთად PCR ტესტი არ გახლავთ სავალდებულო! ტესტის პასუხის წარდგენა მხოლოდ განსაზღვრავს უკვე საქართველოს ტერიტორიაზე თვითიზოლაციის საჭიროებას.
უცხო ქვეყნების მოქალაქეებს არ აქვთ საქართველოში შემოსვლის უფლება, გარდა
შემდეგი 18 ევროპული ქვეყნის მოქალაქეების და/ან მუდმივი რეზიდენტებისა:
1) ე.წ. ნაცვალგების 5 ქვეყნის მოქალაქეები – გერმანია, საფრანგეთი, ლატვია, ლიეტუვა, ესტონეთი – შემოდიან მხოლოდ საჰაერო გზით, იმ შემთხვევაში თუ მოფრინავენ ამ 5 ქვეყნიდან ან მათი გავლით. საზღვარზე უარყოფითი PCR ტესტის წარმოდგენის შემთხვევაში თავისუფლად კვეთენ საზღვარს და მოძრაობენ შეუფერხებლად. თუ არ აქვთ უარყოფითი PCR ტესტის საბუთი, მათ აქვთ შესაძლებლობა ტესტი გაიკეთონ, საკუთარი ხარჯით, თბილისის აეროპორტში, გადმოკვეთონ საზღვარი, მივიდნენ დაჯავშნულ სასტუმროში და დაელოდონ პასუხს. უარყოფითი პასუხის შემდეგ მოძრაობენ თავისუფლად.
იმ შემთხვევაში თუ ისინი არ მოფრინავენ ამ 5 ქვეყნის გავლით და სხვა ქვეყნებიდან შემოდიან ჰაერით, მაშინ:
1) უარყოფითი PCR ტესტის წარდგენისას მიდიან თვითიზოლაციაში;
2) თუ არ აქვთ უარყოფითი PCR ტესტი გადადიან კარანტინში.
ხსენებული 5 ქვეყნიდან მგზავრები გამოფრენამდე ავსებენ სპეციალურ საინფორმაციო ფორმას StopCov.ge პორტალზე.
2) დანარჩენი 13 ევროპული ქვეყნის მოქალაქეები და/ან მუდმივი რეზიდენტობის მქონე პირები (ესპანეთი, ნიდერლანდები, ლუქსემბურგი, პორტუგალია, პოლონეთი, საბერძნეთი, რუმინეთი, ხორვატია, შვედეთი, კვიპროსი, იტალია, ისლანდია, სლოვენია) საქართველოში შემოდიან მხოლოდ საჰაერო გზით.
თუ საზღვარზე წარმოადგენენ ბოლო 72 საათში გაკეთებული PCR ტესტის უარყოფით პასუხს, მიდიან თვითიზოლაციაში. იმ შემთხვევაში თუ არ აქვთ PCR ტესტის უარყოფითი პასუხის საბუთი და არ აქვთ საკუთარი ხარჯით თბილისის აეროპორტში ტესტის გაკეთების შესაძლებლობა, მოთავსდებიან კარანტინში.
ბიზნესაპლიკანტები რჩებიან იგივე რეჟიმში.
აღნიშნული წესი ასევე არ ეხება უცხოელ სტუდენტებს, მათთვის სავალდებულოა უკანასკნელი 72 საათის განმავლობაში ჩატარებული PCR კვლევის დამადასტურებელი საბუთის წარმოდგენა და 12 დღიანი კარანტინი, საკუთარი ხარჯებით. დეტალური ინფორმაცია უცხოელი სტუდენტების საქართველოში შემოსვლასთან დაკავშირებით შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ გვერდზე:https://www.geoconsul.gov.ge/ka/newsFeed/nId/193
საქართველოში შემოსვლისას იზოლაციას/კარანტინს არ ექვემდებარებიან:
ა) საქართველოში ოფიციალური ვიზიტით ჩამოსული საზღვარგარეთის ქვეყნების/საერთაშორისო ორგანიზაციების ოფიციალური დელეგაციების წევრები – მათ სასაზღვრო პუნქტებზე უნდა წარადგინონ ოფიციალურ ვიზიტამდე უკანასკნელი 72 საათის განმავლობაში ჩატარებული PCR კვლევის დამადასტურებელი საბუთი;
ბ) გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის, საფრანგეთის რესპუბლიკის, ლატვიის რესპუბლიკის, ლიეტუვის რესპუბლიკის და ესტონეთის რესპუბლიკის მოქალაქეები და ამავე ქვეყნების მუდმივი ბინადრობის (ცხოვრების) უფლების მქონე პირები, თუ საქართველოში მოემგზავრებიან საჰაერო გზით, ამავე ქვეყნებიდან.
მათ სასაზღვრო პუნექტებზე უნდა წარადგინონ საქართველოში შესვლამდე უკანასკნელი 72 საათის განმავლობაში ჩატარებული PCR კვლევის დამადასტურებელი საბუთი ან შემოსვლისას საკუთარი ხარჯით ჩაიტარონ PCR ტესტირება.
აღნიშნული პირები მხოლოდ იმ შემთხვევაში დაექვემდებარებიან იზოლაცია/კარანტინს, თუ სპეციალურ ელექტრონულ ანკეტაში, რომლის შევსებაც გამომგზავრებამდე უნდა მოხდეს, ბოლო 14 დღის განმავლობაში უფიქსირდებათ ევროკავშირის 18 ქვეყნის* გარეთ მოგზაურობა, ან ჩატარებული PCR კვლევის შედეგად დაუდასტურდებათ ახალი კორონავირუსის არსებობა.
*გერმანია, საფრანგეთი, ლიეტუვა, ლატვია, ესტონეთი, ესპანეთი, ლუქსემბურგი, ნიდერლანდები, პოლონეთი, პორტუგალია, რუმინეთი, საბერძნეთი, შვედეთი, ხორვატია, იტალია, კვიპროსი, სლოვენია, ისლანდია.
კორონავირუსით დაინფიცირების ზრდის შესაკავებლად, საქართველოში 9 ნოემბრიდან ამოქმედდა წერტილოვანი შეზღუდვები, კერძოდ: თბილისში, ქუთაისში, ბათუმში, რუსთავში, ზუგდიდში, გორსა და ფოთში – 22:00 სთ-დან – დილის 5-საათამდე. შეზღუდვა ვრცელდება როგორც ქვეითად, ისე სატრანსპორტო საშუალებით გადაადგილებაზე.
შესაბამისად, საქართველოს საერთაშორისო აეროპორტებში ღამის საათებში დაგეგმილი ფრენების მგზავრებმა და მათმა დამხვდურმა/გამცილებელმა პირმა, რეისამდე მინიმუმ რამდენიმე საათით ადრე უნდა დარეკონ მთავრობის ცხელი ხაზის ნომერზე 144 (1), რათა რეისისა და პირადი მონაცემების საფუძველზე მიიღონ ერთჯერადი ნებართვა, რომლის საშუალებითაც აღნიშნული პირები შეძლებენ სახლიდან აეროპორტის მიმართულებით და პირიქით გადაადგილებას. ასევე, შესაძლებელია აეროპორტის ტაქსით სარგებლობა, რადგან მათზე გაცემულია ღამის საათებში გადაადგილების ნებართვა.
აღნიშნული შეზღუდვა არ ვრცელდება: საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვებზე; ოპერაციულ შტაბთან შეთანხმებით, იმ პირებსა და ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე, რომელთა გადაადგილება კრიტიკულად აუცილებელია სამსახურებრივი მოვალეობის შესასრულებლად, მათ შორის სამედიცინო და ფარმაცევტული დანიშნულების ფუნქციით; სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტებისა და მედიის წარმომადგენლებზე; ასევე მიტანის სერვისის კურიერებზე.