გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი იტალიაში ვიზიტის ფარგლებში აგროსასურსათო სფეროს წარმომადგენლებს შეხვდა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი, იტალიაში ვიზიტის ფარგლებში, Filiera Italia-ს გენერალურ დირექტორსა და Coldiretti-ს საერთაშორისო ბაზრების, ინტერნაციონალიზაციისა და ევროკავშირის პოლიტიკის დირექტორს, ლუიჯი სკორდამალიას შეხვდა.
შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსა და იტალიას შორის აგროსასურსათო მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობები განიხილეს. ყურადღება გამახვილდა სოფლის მეურნეობის სექტორის მოდერნიზაციაზე, წარმოების, გადამუშავებისა და რეალიზაციის ერთიანი ღირებულებათა ჯაჭვების განვითარებასა და კერძო სექტორებს შორის პირდაპირი ბიზნესკავშირების გაძლიერებაზე.
ვიზიტის ფარგლებში, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი ასევე შეხვდა იტალიის კვების მრეწველობის ფედერაციის (Federalimentare) პრეზიდენტს, პაოლო მასკარინოს და იტალიური კვების პროდუქტების მწარმოებელი კომპანიის „Ferrero” წარმომადგენელს.
შეხვედრაზე საქართველოსა და იტალიას შორის აგროსასურსათო სექტორში თანამშრომლობის გაღრმავების, ინვესტიციების მოზიდვისა და ქართული და იტალიური კომპანიების პირდაპირი ბიზნესკავშირების დამყარების შესაძლებლობები განიხილეს. საუბარი შეეხო საქართველოში საკვები პროდუქტების გადამუშავების, შეფუთვის, ბრენდინგისა და ექსპორტზე ორიენტირებული წარმოების განვითარების შესაძლებლობებს. ასევე, განიხილეს იტალიური კომპანიების მიერ საქართველოში ინვესტირების, წარმოებისა და გადამუშავების მიმართულებით პარტნიორობისა და ერთობლივი საწარმოების შექმნის პერსპექტივები.
