ოთარ შამუგია ვაზისა და ღვინის საერთაშორისო ორგანიზაციის (OIV) 100 წლის იუბილეზე გამართულ მინისტერიალზე სიტყვით გამოვიდა
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, იტალიის რესპუბლიკაში, ქალაქ ბრეშაში, ვაზისა და ღვინის საერთაშორისო ორგანიზაციის (OIV) ორგანიზებით გამართულ მინისტერიალში მონაწილეობდა, რომელსაც 40-მდე ქვეყნის მინისტრები და მაღალი თანამდებობის პირები ესწრებოდნენ.
ოთარ შამუგიამ სიტყვით გამოსვლისას ბოლო 10 წლის განმავლობაში მეღვინეობის დარგში მიღწეულ პროგრესზე გაამახვილა ყურადღება. ასევე, აღნიშნა, რომ საქართველო აღნიშნულ მინისტერიალზე ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსით მონაწილეობს და ეს არის ჩვენი ქვეყნის ღირსეული წარმატება. წელს ვაზისა და ღვინის საერთაშორისო ორგანიზაცია დაარსების 100 წლის იუბილეს სხვადასხვა ღონისძიებით აღნიშნავს. მათ შორის, აღსანიშნავია, ქალაქ ბრეშაში მიმდინარე მინისტერიალი, რომელიც OIV -იმ პირველად გამართა. ღვინის მწარმოებელი ქვეყნების წარმომადგენლები ერთად მსჯელობდნენ მევენახეობა-მეღვინეობის სექტორის აქტუალურ პრიორიტეტებზე, მათ შორის, მდგრადი წარმოების პრაქტიკების დანერგვაზე, სანერგე მასალის გენეტიკური მრავალფეროვნებასა და კლიმატის ცვლილებების გავლენაზე ხარისხიანი პროდუქციის წარმოებისას; ღვინის მწარმოებელი ქვეყნებისთვის მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება ახალი საბაზრო შესაძლებლობების კვლევა და ანალიზი, მოთხოვნასა და მიწოდებას შორის ბალანსი და, რა თქმა უნდა, საზოგადოების ცნობიერების ამაღლება ღვინის ღირებულებებისა და მისი ტრადიციების შესახებ, რამაც უნდა უზრუნველყოს ხარისხიან ღვინოზე უწყვეტი მოთხოვნა.
საქართველოს თანამშრომლობას ვაზისა და ღვინის საერთაშორისო ორგანიზაციასთან (OIV), რაც რამდენიმე ათეულ წელს ითვლის, განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია. OIV-ის მევენახეობა-მეღვინეობის საერთაშორისო ფორუმს საქართველომ ორჯერ უმასპინძლა - 1962 წელს 33-ე საერთაშორისო კონგრესს და 2010 წელს OIV-ს მე-8 გენერალურ ასამბლეას.