თეიმურაზ ჯანჯალია იტალიელ კოლეგას შეხვდა
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე თეიმურაზ ჯანჯალია, იტალიის რესპუბლიკაში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, იტალიის საგარეო საქმეთა და საერთაშორისო თანამშრომლობის მინისტრის მოადგილეს, ედმონდო ჩირიელის შეხვდა.
შეხვედრაზე მხარეებმა ხაზი გაუსვეს ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრების მიერ 2023 წლის 21 აპრილს მაღალი დონის დიალოგის დაფუძნების შესახებ დეკლარაციის ხელმოწერისა და ახლად დაფუძნებული დიალოგის ფორმატში სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელობას. ამ კონტექსტში, ყურადღება გამახვილდა მაღალი დონის ორმხრივი ვიზიტების განხორციელების საჭიროებაზე.
შეხვედრის მონაწილეებმა აღნიშნეს სავაჭრო-ეკონომიკური კუთხით არსებული პოზიტიური დინამიკა, ისაუბრეს ენერგეტიკისა და ტრანსპორტის სფეროში თანამშრომლობის პოტენციალის ათვისებისა და კავშირების განმტკიცების მნიშვნელობაზე.
შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საქართველო-ევროკავშირისა და საქართველო-ნატოს ურთიერთობებს.
თეიმურაზ ჯანჯალიამ ისაუბრა საქართველოს მიერ ევროკომისიის 12 რეკომენდაციის შესრულების პროცესის მიმდინარეობაზე, ევროინტეგრაციის კუთხით მიღწეულ პროგრესზე და საქართველოსთვის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების მნიშვნელობაზე. იტალიურმა მხარემ დაადასტურა საქართველოს ევროპული მისწრაფებების მხარდაჭერა.
მინისტრის მოადგილემ იტალიელ კოლეგას მიაწოდა ინფორმაცია საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ მძიმე ჰუმანიტარულ ვითარებაზე. იტალიურმა მხარემ დაადასტურა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი მტკიცე მხარდაჭერა.