მალტის რესპუბლიკის დანიშნულმა ელჩმა თეიმურაზ ჯანჯალიას რწმუნებათა სიგელების ასლები გადასცა
2023 წლის 19 დეკემბერს საქართველოში მალტის რესპუბლიკის ახლადდანიშნულმა ელჩმა, (რეზიდენციით ვალეტა) ნოელ კამილერიმ, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს, თეიმურაზ ჯანჯალიას, რწმუნებათა სიგელების ასლები გადასცა.
მინისტრის მოადგილემ მალტელ დიპლომატს მიულოცა საქართველოში დიპლომატიური მისიის დაწყება და წარმატებები უსურვა მომავალ საქმიანობაში. შეხვედრაზე მხარეებმა ხაზგასმით აღნიშნეს საქართველოსა და მალტის მეგობრული და პარტნიორული ურთიერთობების მნიშვნელობა, რომლებიც ბოლო პერიოდში მზარდი დინამიკით გამოირჩევა როგორც ორმხრივ დონეზე, ისე საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში. ამასთან, თ.ჯანჯალიამ ელჩს მიულოცა 2024 წელს მალტის თავმჯდომარეობა ეუთოში და იმედი გამოთქვა, რომ საქართველოს საკითხი აქტიურად იდგება დღის წესრიგში.
ასევე, ყურადღება გამახვილდა მაღალი დონის ვიზიტების ურთიერთგაცვლისა და საგარეო უწყებებს შორის რეგულარული პოლიტიკური დიალოგის ინიცირების მნიშვნელობაზე. ხაზგასმით აღინიშნა სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების მზარდი ტენდენცია და არსებული პოტენციალის სრულად ათვისების აუცილებლობა. ნოელ კამილერიმ ისაუბრა ორ ქვეყანას შორის კულტურულ-საგანმანათლებლო და ხალხთაშორისი კავშირების გაღრმავებაზე. საუბრისას ხაზი გაესვა საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესს, ქვეყნის მიერ ამ მიმართულებით მიღწეულ პროგრესსა და შემდგომ ნაბიჯებს, განსაკუთრებით კი საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების შემდეგ.
ელჩმა გამოხატა მზადყოფნა აქტიურად შეუწყოს ხელი ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების შემდგომ გაღრმავებას ყველა მიმართულებით. მან დაადასტურა მალტის მტკიცე პოზიცია საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ და ხაზგასმით აღნიშნა, რომ მალტა აქტიურად განაგრძობს საქართველოს ევროპული ინტეგრაციის მხარდაჭერას.