საქართველოსა და მალტის საგარეო უწყებებს შორის პოლიტიკური კონსულტაციები გაიმართა
2024 წლის 13 სექტემბერს, ქ. ვალეტაში, საქართველოსა და მალტის საგარეო უწყებებს შორის პოლიტიკური კონსულტაციები გაიმართა, რომელსაც ქართული მხრიდან ხელმძღვანელობდა მინისტრის მოადგილე თეიმურაზ ჯანჯალია, ხოლო მალტის მხრიდან - მუდმივი მდივანი კრისტოფერ კუტაიარი.
კონსულტაციების ფარგლებში განხილულ იქნა ქართულ-მალტური ურთიერთობების დღის წესრიგი, როგორც ორმხრივ, ისე მრავალმხრივ დონეზე, საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციასთან და რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციასთან დაკავშირებული თემები, ასევე, რეგიონში შექმნილი ვითარება.
შეხვედრის მონაწილეები მიესალმნენ საქართველოსა და მალტას შორის არსებულ მეგობრულ კავშირებსა და თანამშრომლობას. ხაზგასმულ იქნა ორ ქვეყანას შორის მეტად მჭიდრო დიალოგის წარმართვისა და ვიზიტების ურთიერთგაცვლის მნიშვნელობა. მხარეებმა გაცვალეს კონკრეტული წინადადებები დარგობრივი თანამშრომლობის მეტად განვითარების თაობაზე, კერძოდ, ვაჭრობის, ეკონომიკის, ტურიზმის, განათლების და ხალხთაშორისი კავშირების მიმართულებით.
საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ მადლობა გადაუხადა მალტის მხარეს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ურყევი მხარდაჭერისთვის. განსაკუთრებით აღინიშნა ამ კუთხით მ/წელს მალტის ეუთო-ს თავმჯდომარეობისა და გაერო-ს უშიშროების საბჭოს არამუდმივი წევრობის ფარგლებში გამოხატული მნიშვნელოვანი მხარდაჭერა. მხარეები შეთანხმდნენ საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებაზე.
ქართულმა მხარემ დეტალურად გააცნო მალტის მხარეს საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის მხრივ გადადგმული ნაბიჯები, მათ შორის, „ასოცირების ხელშეკრულებით“, „ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმებით“, გაფართოების პაკეტით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების პროცესი, ასევე შავ ზღვაზე ენერგეტიკისა და დაკავშირებადობის მიმართულებით, სტრატეგიული მნიშვნელობის პროექტების იმპლემენტაცია და ევროკავშირთან თანამშრომლობის სხვა მნიშვნელოვანი საკითხები. თეიმურაზ ჯანჯალიამ ხაზგასმით აღნიშნა მალტის მხარდაჭერის მნიშვნელობა, საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების გახსნის თაობაზე გადაწყვეტილების მიღების ხელშეწყობის მხრივ.
მალტამ თავის მხრივ გამოხატა მზაობა, ევროინტეგრაციის გზაზე შესაბამისი პრიორიტეტული მიმართულებებით, საქართველოსთვის გამოცდილების გაზიარების თაობაზე.
ქ. ვალეტაში ვიზიტის ფარგლებში, მინისტრის მოადგილემ ასევე შეხვედრა გამართა მალტის პარლამენტის საგარეო და ევროპულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარესთან, ედვარდ ზამიტ ლევისთან და კომიტეტის წევრებთან, როგორც მმართველი, ისე ოპოზიციური პარტიებიდან. შეხვედრაზე განხილულ იქნა საერთო ევროპული გამოწვევები, ევროკავშირის გაფართოება და რუსეთის ფედერაციის უკანონო ქმედებები საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებაში.
მალტის მხარემ, როგორც აღმასრულებელ, ისე საკანონმდებლო დონეზე, დაადასტურა მტკიცე მხარდაჭერა, როგორც საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ისე ჩვენი ქვეყნის ევროკავშირში ინტეგრაციის მიმართ.
ვიზიტის ფარგლებში, ასევე შედგა შეხვედრა მალტის სავაჭრო პალატის პრეზიდენტთან, კრისტოფერ ვასალო სეზარეოსთან, რომლის დროსაც განხილულ იქნა სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობა, ევროკავშირში საქართველოს ეკონომიკური ინტეგრაცია და ორივე ქვეყნის საინვესტიციო და ბიზნეს შესაძლებლობები. მხარეები შეთანხმდნენ ამ კუთხით კონკრეტული თანამშრომლობის განვითარების თაობაზე. მალტურ მხარეს განსახილველად გადაეცა ორი ქვეყნის სავაჭრო-სამრეწველო პალატებს შორის თანამშრომლობის შესახებ ურთიერთგაგების მემორანდუმის პროექტი.
ქართულმა მხარემ მალტელი კოლეგები თბილისში ვიზიტით მოიწვია.