2021 წლის 27 ივლისს, იტალიის რესპუბლიკაში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, თეიმურაზ ჯანჯალიამ შეხვედრა გამართა იტალიის პარლამენტის ქვედა პალატის საგარეო და ევროპულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარესთან, პიერო ფასინოსთან.
შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს ორმხრივი და მრავალმხრივი ურთიერთობების საკითხები და ისაუბრეს სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის პერსპექტივებზე.
განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესსს ევროკავშირსა და ნატო-ში ინტეგრაციის გზაზე. ისაუბრეს ორი ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოებს შორის ურთიერთობების ინტენსიფიკაციასა და თანამშრომლობის განვითარებაზე, რომლის მნიშვნელობასაც ხაზი გაესვა ასევე საქართველოს ევროკავშირთან უფრო მეტად დაახლოების, 2024 წელს ევროკავშირში სრულფასოვან წევრობაზე განაცხადის წარდგენის, „ასოცირებული ტრიოს“ სამომავლო გეგმების და ამ პროცესში იტალიის მხარდაჭერის კონტექსტში.
ასევე აღინიშნა იტალიის მხარდაჭერის მნიშვნელობა ნატო-ს ღია კარის პოლიტიკის გააქტიურების კუთხით.
თეიმურაზ ჯანჯალიამ პიერო ფასინოს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარების, ჟენევის მოლაპარაკებების მიმდინარეობის და საქართველოს მთავრობის სამშვიდობო პოლიტიკის შესახებ; ყურადღება გამახვილდა რუსეთის ფედერაციის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების უხეში დარღვევის ფაქტებზე, არსებულ მძიმე ჰუმანიტარულ ვითარებაზე; ხაზი გაესვა საერთაშორისო დღის წესრიგში საკითხის აქტუალურობის შენარჩუნების კუთხით პარტნიორების კონსოლიდირებული პოზიციის საჭიროებას და იტალიის მეტი ჩართულობის მნიშვნელობას.
იტალიურმა მხარემ კიდევ ერთხელ დაადასტურა ურყევი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და არაღიარების პოლიტიკის მიმართულებით.
საუბარი შეეხო ასევე რეგიონში მიმდინარე მოვლენებს, არსებულ გამოწვევებს და საერთაშორისო პარტნიორების მეტი ძალისხმევის კონსოლიდაციის აუცილებლობას, რეგიონში მშვიდობისა და უსაფრთხოების განმტკიცების კუთხით.შეხვედრაზე ასევე აღინიშნა საქართველოს სტაბილური და დემოკრატიული განვითარების მნიშვნელობა.