საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

შეხვედრა იტალიურ კომპანიებთან საქართველოს ბიზნესგარემოსა და საინვესტიციო შესაძლებლობებზე

საქართველოს🇬🇪 საელჩოში გაიმართა შეხვედრა იტალიური🇮🇹 ბიზნესკომპანიების წარმომადგენლებთან, რომელზეც განხილულ იქნა საქართველოში არსებულ ბიზნესგარემოსთან და საინვესტიციო პოტენციალთან დაკავშირებული საკითხები.
🔹 შეხვედრის მონაწილეებს სიტყვით მიმართეს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე ხვთისიაშვილმა და იტალიაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, კონსტანტინე სურგულაძემ.
🔹 ქართულმა მხარემ აღნიშნა ორ ქვეყანას შორის ტრადიციულად არსებული მჭიდრო ურთიერთობები, განსაკუთრებით ბიზნესის, კულტურისა და განათლების სფეროებში, თანამშრომლობა კერძო და საჯარო სექტორში. ასევე, ხაზგასმულ იქნა, რომ გლობალური პანდემიისა და კრიზისის მიუხედავად, საქართველო უცხოელი ინვესტორებისთვის ერთ-ერთი მიმზიდველი პლატფორმაა, როგორც უსაფრთხო ქვეყანა, რომელიც საერთაშორისო რეიტინგებში ბიზნესგარემოს კუთხით არაერთ პოზიციაში ლიდერობს.
🔹 შეხვედრაზე საელჩოს მიერ წარდგენილ იქნა იტალიურ სეგმენტზე მორგებული პრეზენტაცია საქართველოს საინვესტიციო პოტენციალის, არსებული ბიზნესგარემოს და მოქმედი ფინანსური მექანიზმების, ეკონომიკისა და ბიზნესის სფეროში საქართველოს მთავრობის ინიციატივების შესახებ.
🔹 თავის მხრივ, იტალიელმა სტუმრებმა დიდი ინტერესი გამოხატეს საქართველოს მიმართ და ქართულ მხარეს თავიანთი კომპანიების შესაძლებლობები და მუშაობის სპეციფიკა გააცნეს.
🔹 შეხვედრაზე წარმოდგენილი იტალიური კომპანიების მოღვაწეობის სფერო მოიცავს თანამედროვე ციფრული ტექნოლოგიების, ენერგეტიკის, სატრანსპორტო კომუნიკაციების, სოფლის მეურნეობის, საკვები ინდუსტრიის და სამედიცინო სექტორის ფართო არეალს.
🔹 მხარეები შეთანხმდნენ, რომ აღნიშნულ შეხვედრას მოჰყვება შემდგომი აქტიური კოორდინაცია, როგორც კონკრეტული ბიზნესვიზიტების განხორციელების, ისე საქართველოსთან დაკავშირებულ ეკონომიკურ და ბიზნეს ფორუმებში მონაწილეობის კუთხით, რაც ხელს შეუწყობს ორ ქვეყანას შორის ბიზნეს-ურთიერთობების და სამომავლო თანამშრომლობის გააქტიურებას.
🍷 პრეზენტაციაზე საელჩოს სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ დაეგემოვნებინათ ქართული ღვინო და კერძები.