საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

ელჩის შეხვედრა მილანის დიასპორასთან

2 თებერვალს, მილანის დიასპორულმა ორგანიზაციამ „საზოგადოება სამშობლო გულით სატარებელი“, მილანის ალდა მერინის სახელობის სახლ-მუზეუმში, ნინოობის აღსანიშნავად დაგეგმილი ღონისძიებების ფარგლებში, რომელიც ტრადიციულად საზოგადოების დამფუძნებლის ნინო ყაუხჩიშვილის ხსოვნას ეძღვნება, პოეზიის ანთოლოგიის პრეზენტაცია გამართა. „როცა ქვეყნებს სძინავთ - 7 ქართველი და 7 იტალიელი პოეტი ქალი სიფხიზლისთვის“ პრეზენტაციას და ანთოლოგიაში შემავალ იტალიელ პოეტებთან შეხვედრას საზოგადოების ხელმძღვანელი და ანთოლოგიის მთარგმნელი ქ-ნი ნუნუ გელაძე წარუძღვა. ღონისძიებას დაესწრო და მილანის დიასპორას შეხვდა იტალიაში საქართველოს სრულუფლებიანი ელჩი ბ-ნი კოსტანტინე სურგულაძე. ელჩმა მის მისასალმებელ სიტყვაში მადლობა გადაუხადა ქალბატონ ნუნუ გელაძეს, ნინო ყაუხჩიშვილის გზის გამგრძელებელს და საზოგადოება „სამშობლო გულით სატარებლის“ თითოეულ წევრს, იმ თავდადებისა და შრომისათვის, რომლითაც ქართული კულტურის, ისტორიისა და ტრადიციების გაზიარების, იტალიაში მცხოვრებ ქართველთა ეროვნული თვითმყოფადობის შენარჩუნების და ქართველ და იტალიელ ხალხებს შორის მეგობრული ურთიერთობების გაღრმავების საქმეში შეაქვთ. ღონისძიებას ესწრებოდნენ ასევე ლომბარდიაში საქართველოს საპატიო კონსული ლელიო ორსინი დ'არაგონა ბაგრატიონი და საგარეო საქმეთა სამინისტროს პროექტის „საქართველოს ახალგაზრდა ელჩი“-ს გამარჯვებული იტალიაში მარიამ ბოჭორიშვილი. პრეზენტაციას, კრებულშ შემავალი იტალიელი პოეტების გარდა, ესწრებოდა, ასევე, გამომცემელი დიანა ბატაჯა. ღონისძიების დასასრულს, სტუმრებს საშუალება მიეცათ დაეგემოვნებიონათ ქართული ღვინო და კერძები. საზოგადოების წევრებმა, ქართველი და იტალიელი სტუმრებისთვის ქართული ხალხური სიმღერები და ცეკვები შეასრულეს.