საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

ფოტო გამოფენა „ოკუპაციის მივიწყებული მსხვერპლი საქართველოში“

გუშინ 7 ნოემბერს, რომში ოფიციალურად გაიხსნა გამოფენა „ოკუპაციის მივიწყებული მსხვერპლი საქართველოში“, რომელზეც 90-იანი წლებიდან დღემდე, სხვადასხვა პერიოდში გადაღებული ქართველი და უცხოელი ფოტო რეპორტერების ნამუშევრებია წარმოდგენილი. ფოტო ისტორია აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან სხვადასხვა პერიოდში დევნილი მოსახლეობის ტრაგედიას და მათ ამჟამინდელ მდგომარეობას ასახავს.
გამოფენის გახსნაზე მოწვეულ იტალიელ სტუმრებსა და დიპლომატიური კორპუსის წარმოადგენლებს სიტყვით მიმართა საქართველოს ელჩმა იტალიაში ბ-ნმა კონსტანტინე სურგულაძემ, რომელმაც მათ მიაწოდა ინფორმაცია აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში არსებულ მძიმე ჰუმანიტარულ ვითარებასთან დაკავშირებით და ისაუბრა საქართველოს მოქალაქეების სიცოცხლის ხელყოფისა და უკანონო დაკავებების შემაშფოთებელ ტენდენციაზე, რომლის უკანასკნელი ტრაგიკული მაგალითი საქართველოს მოქალაქის, მარგო მარტიაშვილის გარდაცვალების ფაქტია. ასევე - საოკუპაცია ხაზის მიღმა დარჩენილი ეთნიკური ქართველი მოსახლეობის წინააღმდეგ დაფიქსირებული სხვადასხვა სახის დისკრიმინაციის, თავისუფლების აღკვეთის, უკანონო დაკავებებისა და გატაცებების, საკუთრების უფლებისა და ჯანდაცვის უფლების დარღვევის შესახებ.
გამოფენაზე გამოყენებულია ცნობილი ბრიტანელი ფოტოგრაფების ჯონ ჯონსისა და მალქომ ლინტონის, ასევე, შახ აივაზოვის, გოგი შარაშენიძის, ლელი ბლაგონრავოვასა და გიორგი აბდალაძის ნამუშევრები. გამოფენაზე, ასევე, წარმოდგენილია ქართველი ფოტოგრაფის თაკო რობაქიძის ვიდეო რგოლი „მცოცავი ოკუპაცია“. საქართველოს საელჩო უდიდეს მადლობას უხდის თითოეულ ფოტოგრაფს და საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის არქივს მასალების მოძიებასა და გამოფენისთვის, ასევე, რომის ისტორიულ ცენტრში მდებარე გალერიის „კარლო მარია ბიაჯარელის“ ხელმძღვანელებს კარლო ბიაჯარელისა და აგო ბარათაშვილს ფოტოგამოფენის ორგანიზებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის.
გამოფენაზე დასწრება თავისუფალია და მისი ნახვა შესაძლებელია 16 ნოემბრამდე შემდეგ მისამართზე: რომი, პიაცა კაპრანიკა 97