საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება

16 ივნისს, იტალიაში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით, აქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი სამდღიანი ღონისძიება ოფიციალურად გაიხსნა.   საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, კინოს ეროვნული ცენტრის და საქართველოს თეატრის, მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის სახელმწიფო მუზეუმის ხელშეწყობით, რომის ისტორიულ პარკში „ვილა ბორგეზეში“ მდებარე კინოს სახლში გაიმართა ინოლა გურგულიას შემოქმედებითი საღამო, ია და დათო შუღლიაშვილებისა და თამარ თოლორდავას, ასევე, რეზო კიკნაძის ტრიოს (რეზო კიკნაძე, ლაშა საყვარელიძე და ნიკა გაბაძე) მონაწილეობით.  დიასპორის წარმომადგენლებს სიტყვით მიმართეს საქართველოს სრულუფლებიანმა ელჩმა იტალიის რესპუბლიკაში ბ-ნმა კონსტანტინე სურგულაძემ, საქართველო საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ბ-ნმა მიხეილ ნინუამ და რომის წმ. ანდრეა პირველწოდებულის სახელობის სამრევლოს წინამძღვარმა, არქიმანდრიტმა მამა იოანე ხელაიამ. ოფიციალური მიღების შემდეგ, რომლსაც იტალიის სხვადასხვა ქალაქებიდან ჩამოსული ქართული დიასპორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ, ე. შენგელაიას უკვდავი ფილმით „ცისფერი მთები, ანუ დაუჯერებელი ამბავი“ ოფიციალურად გაიხსნა  ქართული კინოს ფესტივალი.  პარალელურად, რომის კინოს სახლში, 3 დღის განმავლობაში გაგრძელდება გამოფენა „იტალიური ნეორეალიზმი ქართულ კინოში“, რომელიც მნახველებს, ნეორეალიზმის გავლენით შექმნილი სამი  მხატვრული ფილმის „მაგდანას ლურჯას“, „სხვისი შვილებისა“ და „ჩვენი ეზოს“ აფიშებსა და კინო კადრებს სთავაზობს. გამოფენაზე გამოტანილია, ასევე, ფედერიკო ფელინის თენგიზ აბულაძისადმი გაგზავნილი წერილები და მათი ერთობლივი ფოტო.

კინო ფესტივალი 18 ივნისამდე გაგრძელდება და მასზე წარმოდგენილი იქნება ზაზა ურუშაძის „მანდარინები“, ლევან კოღუაშვილის „ შემთხვევითი პაემნები“, რომლის ჩვენებასაც თავად რეჟისორიც დაესწრება და თენგიზ აბულაძის - „ნატვრის ხე“. 18 ივნისს, ფესტივალი დაიხურება კოტე მიქაბერიძის 1929 წელს გადაღებული მუნჯი კინოს შედევრით -  „ჩემი ბებია“, რომელსაც ცოცხალ აკომპანიმენტს რეზო კიკნაძის ტრიო გაუკეთებს.