საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

ქვევრის ღვინოების დეგუსტაცია რომში

გუშინ, 26 თებერვალს, რომის სომელიეთა ასოციაციის "დივინამენტე რომა", საქართველოს საელჩოსა და ღვინის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლობით ქართული ქვევრის ღვინოების დეგუსტაცია - "ყველაფრის დასაწყისი" გაიმართა. დეგუსტაციას ესწრებოდნენ იტალიური ღვინის მწარმოებელი კომპანიები, პროფესიონალი სომელიეები, ღვინისა და ტურიზმის სფეროში მომუშავე ჟურნალისტები და სხვა დაინტერესებული სტუმრები, რომლებსაც მისასალმებელი სიტყვით მიმართა იტალიის რესპუბლიკაში საქართველოს სრულუფლებიანმა ელჩმა ბ-ნმა კოტე სურგულაძემ. ეროვნული ღვინის სააგენტოს წარმომადგენელმა, ბ-ნმა გიორგი თევზაძემ საზოგადოებას ქართული ღვინის უძველესი ისტორია და ქვევრში ღვინის დაყენების ტრადიცია და ტექნოლოგია გააცნო. დეგუსტაციაზე წარმოდგენილი იქნა 4 სახეობის ქვევრის ღვინო: "ჭოტიაშვილი"-ს ქისი, "ნაღდი მარანი"-ს წარაფი, "ხარება"-ს კრახუნა და "ფაფარი ველი"-ს საფერავი. აღსანიშნავია, რომ დეგუსტაციაზე ქართულ ღვინოებთან ერთად, დაგემოვნდა 3 იტალიელი და 1 ბერძენი მეღვინის ქვევრებში დამზადებული ღვინოები. მათ შორის გახლდათ ცნობილი იტალიელი მეღვინისა და ევროპაში ქართული ქვევრისა და ქართული ტექნოლოგიის პიონერის, იოსკო გრავნერის “რიბოლა”, რომელიც მისმა ქალიშვილმა მატეია გრავნერმა წარმოადგინა. ​განსაკუთრებული მადლობა გვინდა გადავუხადოთ იტალიაში მოღვაწე კომპანიას "GDMWinery"-ს და მის დამფუძნებელს გიორგი ხუნჯგურუას თანამშრომლობისთვის.