საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

საქართველოს ელჩის ვიზიტი პულიის რეგიონში

27 თებერვალს, პულიის რეგიონში, საქართველოს საპატიო საკონსულოს ორგანიზებით, გაიმართა საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის, ბატონი კონსტანტინე სურგულაძის ვიზიტი პულიის რეგიონში. ვიზიტის ფარგლებში საქართველოს ელჩი შეხვდა პულიის რეგიონის ეკონომიკური განვითარების ხელმძღვანელს კოსიმო ბორაჩინოს. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ საქართველოს საპატიო კონსული პულიაში ბ-ნი აურელიო ჯირონდა, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე ქ-ნი ნათია სულავა, საქართველოს საელჩოს უფროსი მრჩეველი სოფო ქარცივაძე და რეგიონის ტურიზმის სააგენტოს უფროსი ლუკა სკანდალე. საუბარი შეეხო ორმხრივი ურთიერთობების განვითარებას ეკონომიკის, კულტურის, ტურიზმისა და განათლების სფეროებში. ხაზი გაესვა პულიის ტერიტორიაზე არსებული ქართული დიასპორის მნიშვნელობას ამ ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავების საქმეში. შეხვედრის შედეგად გადაწყდა, რომ უახლოეს მომავალში დაიგეგმა პულიის რეგიონის ხელმძღვანელობის ვიზიტი ბიზნეს წრეების წარმომადგენელთა თანხლებით, რომლებიც ადგილზე გაეცნობიან საქართველოში არსებულ ბიზნეს გარემოს, ვაჭრობის, წარმოების, კულტურის, განათლებისა და სპორტის სფეროებში თანამშრომლობის შესაძლებლობებს. პულიის რეგიონის ხელმძღვანელობამ, შეხვედრის დროს, ხაზგასმით აღნიშნა, რომ მაქსიმალურად იმუშავებენ ტერიტორიაზე არსებულ მუნიციპალიტეტებთან და სავაჭრო-სამრეწველო პალატებთან, რათა თავიდან იქნეს აცილებული საქართველოს სეპარატისტული რეგიონების ე.წ. დელეგაციებთან პროვოკაციული შეხვედრები. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ტურიზმის სფეროში ურთიერთობების გაღრმავებაზე და ამ კონტექსტში ხაზი გაესვა აგვისტოდან ბარი-ქუთაისის პირდაპირი რეისის ამოქმედების მნიშვნელობას. ქართული კულტურისა და ტრადიციების უკეთ გაცნობის მიზნით, განიხილეს პულიაში ფართომასშტაბიანი საქართველოს კულტურის დღეების ორგანიზების შესაძლებლობა.