საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

2018 წლის 6-7 დეკემბერს ქ. მილანში ეუთო-ს საგარეო საქმეთა მინისტრთა საბჭოს 25-ე სესია გაიმართა.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა  მონაწილეობა მიიღო ეუთო-ს საგარეო საქმეთა მინისტრთა საბჭოს 25-ე სესიაში, რომელიც 2018 წლის 6-7 დეკემბერს ქ. მილანში გაიმართა.  
 
საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელი ეუთო-ს მინისტერიალის ფარგლებში სიტყვით გამოვიდა პლენარულ სესიაზე. საკუთარ გამოსვლაში დავით ზალკალიანმა ყურადღება გაამახვილა რუსეთ-საქართველოს კონფლიქტზე, საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში შექმნილ მძიმე მდგომარეობაზე, როგორც ადამიანის უფლებების დაცვის, ასევე უსაფრთხოების თვალსაზრისით.
 
აღსანიშნავია, რომ ეუთო-ს მინისტთა საბჭოს სხდომაზე ასევე მიიღეს საქართველოს მეგობართა ჯგუფის ერთობლივ განცხადება, რომელიც ასევე შეეხება საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციასა და მის თანმდევ შედეგებს. საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელის შეფასებით ეუთო-ს ფარგლებში საქართველოს მეგობართა ჯგუფი წარმოადგენს უმნიშვნელოვანეს ფორმატს იმისათვის, რომ საქართველოს საკითხი, მიუხედავად რუსეთის წინააღმდეგობისა, კვლავ  აქტიურად იდგეს ორგანიზაციის დღის წესრიგში.
 
„ეუთო-ს მინისტერიალს ჩვენ   გამოვიყენებთ იმისთვის, რომ საქართველოს წინაშე არსებული გამოწვევები, კერძოდ უსაფრთხოების კუთხით და ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი სიტუაცია იყოს ადეკვატურად შეფასებული. მოგეხსენებათ, რომ ეუთო-ს მინისტერიალზე უკვე წლებია რუსეთის ფედერაციის არაკონსტრუქციული დამოკიდებულების გამო ვერ ხერხდება საქართველოსთან დაკავშირებით დეკლარაციის მიღება რადგან ეუთო-ში მოქმედებს კონსესუსის პრინციპი, თუკი ერთი ქვეყანა წინააღმდეგია გადაწყვეტილება არ არის მიღებული, ამიტომ ჩვენ მუდმივად გვიხდება ამ პრობლემასთან გამკლავება.  უკვე  რამდენიმე წელია ეუთო-ში არსებობს  საქართველოს მეგობარი ქვეყნების ჯგუფის ფორმატი, სწორედ ამ ჯგუფში ვცდილობთ რომ მოხდეს  ჩვენთვის აქტუალური საკითხების შეფასება.  ბუნებრივია, წელსაც ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი საქმიანობა არის განხორციელებული. მოლოდინი გვაქვს რომ საქართველოს მეგობარი ქვეყნების ჯგუფის მიერ იქნება მიღებული შესაბამისი განცხადება სადაც ყველა ეს პრობლემა იქნება ადეკვატურად ასახული“-აღნიშნა საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.
 
აღსანიშნავია, რომ ეუთო-ს მინისტრთა საბჭოს სხდომის ფარგლებში გაიმართა სუამის მინისტერიალი და ასევე პირველად გაიმართა სუამი-კანადის ფორმატით შეხვედრა, რა დროსაც მონაწილეებმა მიიღეს ერთობლივ განცხადება.