საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია „გლობალიზაცია და იდენტობა“ რომის ლა საპიენცას უნივერსიტეტში

27 -28 სექტემბერს, ქალაქ რომში, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის, იტალიაში საქართველოს საელჩოსა და რომის „ლა საპიენცას“ უნივერსიტეტის ფონდის ოგრანიზებით, გაიმართა საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია „გლობალიზაცია და იდენტობა“, რომელშიც იტალიელი და ქართველი პროფესორები და მკვლევრები მონაწილეობდნენ.  კონფერენციის პარალელურად გაიმართა ფოტოგამოფენა აფხაზეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების შესახებ, ასევე -  ქართველი კალიგრაფის ლეილა ბაღაბაიას კალიგრაფიული ნამუშევრების გამოფენა, რომელიც ქართულ ანბანს მიეძღვნა, და - გიორგი ოვაშვილის ფილმის, „სიმინდის კუნძულის“ ჩვენება. შედგა  შეხვედრა იტალიაში მოღვაწე ქართველ მწერალთან, რუსკა ჟორჟოლიანთან, რომელიც, ასევე აფხაზეთიდან გახლავთ.

განსაკუთრებით საყურადღებო და სიმბოლური გალხდათ, რომ სოხუმის დაცემიდან 25 წლის შემდეგ, ჩვენთვის ყველასთვის მძიმე და ტრაგიკულ დღეს, 27 სექტემბერს, კონფერენციაზე გვერდიგვერდ ისხდნენ ქართველი და აფხაზი სტუდენტები, რომლებიც ,,საერთო მომავალის” გზების ძიებას ერთად ცდილობდნენ! კონფერენცია, პროექტის  “საერთო წარსულით საერთო მომავლისკენ” ფარგლებში ჩატარდა და მისი მიზანი, სწორედ აფხაზი და ქართველი ახალგაზრდების დაახლოება და იმ ნდობის აღდგენაა, რომელიც ამ 25 წლის მანძილზე დაიკარგა. უამრავ საინტერესო მოხსენებასა და გამომსვლელს შორის, განსაკუთრებულად დასამახსოვრებელი და ემოციური გახლდათ  საქართველოს სახალხო არტისტის,  ანსამბლ „რუსთავის“ სამხატვრო ხელმძღვანელის, ბატონი ანზორ ერქომაიშვილის მასტერ კლასი  ქართული და აფხაზური ფოლკლორის შესახებ. ბატონმა ანზორმა აფხაზ სტუდენტებს ანსამბლ „რუსთავის“ მიერ გამოცემული აფხაზური ფოლკლორისა და 30-იანი წლების, უნიკალური აფხაზური ჩანაწერების დისკები გადასცა.