საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

ინფორმაცია ეუთო-ს უსაფრთხოების გადახედვის ყოველწლიური კონფერენციის შესახებ

2009 წლის 23-24 ივნისს ქ. ვენაში ჩატარდა ეუთო-ს უსაფრთხოების გადახედვის ყოველწლიური კონფერენცია, რომელზეც განიხილეს ეუთოს მიდგომები და საქმიანობა კონფლიქტების ადრეული გაფრთხილების, კონფლიქტების პრევენციის, კრიზისების მენეჯმენტისა და ეუთოს სივრცეში უსაფრთხოებისათვის მნიშვნელოვანი სხვა საკითხები. კონფერენციაში აქტიური მონაწილეობა მიიღო საქართველოს დელეგაციამ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის ალექსანდრე ნალბანდოვის ხელმძღვანელობით.

აღსანიშნავია, რომ კონფერენციის გახსნით ნაწილში, ისევე როგორც კონფლიქტების თემისადმი მიძღვნილ სესიაზე ძირითადი ყურადღება დაეთმო 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომის შემდგომ არსებულ ვითარებას. სიტყვით გამოსულ სახელმწიფოთა აბსოლუტურმა უმრავლესობამ ხაზი გაუსვა საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს, რუსეთის მიერ 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ხელშეკრულების შესრულების აუცილებლობას და დაგმო რუსეთის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის ე.წ დამოუკიდებლობის აღიარება.საქართველომ თავისი პოზიციები დააფიქსირა ყველა განსახილველ საკითხთან დაკავშირებით. კონფლიქტების მოგვარების კუთხით არსებული მდგომარეობისა და გამოწვევების მიმოხილვასთან ერთად, საქართველოს დელეგაციამ წარმოადგინა თავისი ხედვა, თუ რა ცვლილებებია საჭირო ორგანიზაციის ფარგლებში იმისათვის, რომ კონფლიქტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმები უფრო ეფექტურად მუშაობდეს. აღსანიშნავია, რომ თავის გამოსვლაში საქართველოს დელეგაციამ დაუსვა მთელი რიგი კითხვები რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს ს. ლავროვს. საგულისხმოა, რომ თავის პასუხებში რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელი შემოიფარგლა რუსული მხარისათვის დამახასითებელი დემაგოგიური თეზისებით, შეკითხვების ნაწილი კი საერთოდ უპასუხოდ დატოვა. რაც შეეხება რუსული მხარის მიერ წარმოდგენილ წინადადებებს ახალი უსაფრთხოების არქიტექტურის შესახებ, აღინიშნა, რომ წინადადებები გაუმართლებლად დიდ დატვირთვას აძლევენ უსაფრთხოების სამხედრო ასპექტებს და უგულვებელყოფს უსაფრთხოების იმ განზომილებებს, რომლებიც ეუთო-ს თანამეგობრობისათვის უსაფრთხოების განმტკიცების განუყოფელ კომპონენტს წარმოადგენს. კონფერენციის მონაწილეთა გამოსვლებში ხაზი გაესვა იმას, რომ როგორი უსაფრთხოების არქიტექტურის მოდელებიც არ უნდა იქნეს მომავალში შემოთავაზებული, ეუთოს სივრცეში უსაფრთოების განმტკიცება უკვე არსებული უსაფრთხოების მექანიზმების და არსებული ვალდებულებების უარყოფით შეუძლებელი იქნება. აღინიშნა, რომ სწორედ ეუთო არის ის ადეკვატური ფორუმი, რომელზეც უნდა მოხდეს უსაფრთხოების არქიტექტურის შესახებ წინადადებების განხილვა. კონფერენციაზე ქართულმა მხარემ ყურადღება გაამახვილა ჩრდილო კავკასიაში არსებულ რთულ ვითარებაზე, რამაც რუსული მხარის აშკარა გაღიზიანება გამოიწვია. საგულისხმოა, რომ ეუთოს უსაფრთოხების გადახედვის ყოველწლიური კონფერენცია ასეთი პრობლემების განხილვისათვის ბუნებრივ ფორუმს წარმოადგენს, ამდენად რუსეთის ჩრდილოეთ კავკასიის რესპუბლიკებში შექმნილი ფეთქებადსაშიში მდგომარეობის ფონზე რუსული მხარის რეაქციმ მონაწილეთა გარკვეული გაკვირვება გამოიწვია.